საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

ოთხი თვის წინანდელი ისტორიული გამარჯვების შემდეგ თბილისი სტრასბურგისგან კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელის.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მორიგი საჩივრის განხილვა განახლდა. ქართული მხარე ითხოვს, მოსკოვს პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ უმძიმეს ქმედებებზე, რასაც ბოლო წლებია საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ. საჩივარში გაერთიანებულია არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობის, ასევე გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის უმძიმესი საქმეები. გახშირებული უკანონო გატაცებები, მკვლელობები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა – საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციით დაცული რამდენიმე უფლების დარღვევისთვის უჩივის. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის მოგების შემდეგ ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ თბილისიდან გაგზავნილი მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის განხილვაც საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებით დასრულდება.