საქართველო – რუმინეთის წინააღმდეგ. დღეს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას გამართავს. გულშემატკივრებისთვის ამ მატჩს დამატებითი მნიშვნელობა აქვს. დღეს, ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, „ჯვაროსნების“ რიგებში ბოლო მატჩს ჩაატარებს და სიმბოლურად, ნაკრების კაპიტნის სამკლაურს ხვიჩა კვარაცხელიას გადასცემს. ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს დღეს შეუერთდა. მას ნაკრების კაპიტნობა უკვე მიულოცა მთავარმა მწვრთნელმა. ნაკრები მოახლოებულ მატჩებს დანაკლისით ხვდება. გიორგი მიქაუტაძის შემდეგ, ტრავმის გამო ივნისის ამხანაგურ შეხვედრებს ზურიკო დავითაშვილიც გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, 21 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.