საქართველო რისმაგ გორდეზიანს დაემშვიდობა
დღეს რისმაგ გორდეზიანი საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. გამორჩეული ქართველი მეცნიერი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. გორდეზიანი ნახევარ საუკუნეზე მეტი ემსახურებოდა კლასიკური ფილოლოგიის განვითარებასა და მის საერთაშორისო აღიარებას. მისი ინიციატივით დაარსდა ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორია, ის იყო ასობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თბილისის საპატიო მოქალაქე.
მეცნიერი დაჯილდოებული იყო საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენით და იყო საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. რისმაგ გორდეზიანის ღვაწლი ქართული მეცნიერების ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ფურცლად დარჩება.