„საქართველო, მიყვარხარ“ - ილია მეორე

სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღეც უკვე ისტორიის ნაწილია. აღსაყდრებიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში არ დაწერილა არცერთი მნიშვნელოვანი ფურცელი პატრიარქის მონაწილეობის გარეშე. არ ყოფილა არც გამარჯვების და არც ტკივილის არცერთი თავი ილია მეორის მზრუნველობა რომ არ შეხებოდა. კათოლიკოსის „მზიანი ღამის“ უნიკალურ მემკვიდრეობას საქართველოს პირველი არხის „ოქროს ფონდი“ ინახავს – სითბოს, სიბრძნეს, მზრუნველობასა და დიდ სიყვარულს. ეს საარქივო ჩანაწერები არ არის მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის, ის სულიერი გზამკვლევია მომავალში, რომელიც გვახსენებს სიყვარულის ძალას, სიკეთის მნიშვნელობასა და ერთიანობის ფასს. თითოეულ კადრსა და სიტყვაში იგრძნობა ის უსაზღვრო მზრუნველობა და თანადგომა, რომელიც პატრიარქმა 49 წელი ატარა მამამთავრული სიბრძნითა და მამობრივი სიყვარულით.

დესი ვარდოსანიძემ შეაგროვა არქივი, რომელიც ყველაზე უკეთ აცოცხლებს და ამტკიცებს პატრიარქის სიტყვებს: „საქართველო, მიყვარხარ!“.