საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს გამოემშვიდობა – ნათია ქენქაძის ჩართვა

21:17, 22.03.2026

მოქალაქეების ნაწილმა ღამე სამების საკათედრო ტაძარში გაათენა, მათთვის კი, ვინც პატრიარქთან გამომშვიდობება დღემდე ვერ შეძლო, ტაძარში ერთი შესასვლელი მოეწყო. ღვთისმსახურება დილის ცხრა საათზე დაიწყო, წირვა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. მოგვიანებით კი, მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეო პირველის მონაწილეობით წესის აგების მსახურება შესრულდა. „შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ილია მეორემ“ – ამ სიტყვებით გამოეთხოვა მსოფლიო პატრიარქი ილია მეორეს. სამების საკათედრო ტაძარში დილიდან იმყოფებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. გამოსამშვიდობებელ სიტყვებში მათ პატრიარქის ეპოქაზე, ერის განვითარებასა და გაძლიერებაში მის როლზე, საზოგადო ღვაწლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას 20- ზე მეტი დელეგაცია ესწრებოდა. სასულიერო პირების გარდა საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.

ნათია ქენქაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი