საქართველო კახი კავსაძეს დაემშვიდობა

ლეგენდარულ კახი კავსაძეს ამ წუთებში საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით კრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართა.

კახი კავსაძე 85 წლის ასაკში, 27 აპრილს გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.