საქართველო ჯამლეტ ხუხაშვილს დაემშვიდობა

დღეს საქართველო ჯამლეტ ხუხაშვილს დაემშვიდობა. ცნობილი კომენტატორის სამოქალაქო პანაშვიდი სიმბოლურად სპორტის სასახლეში გაიმართა. მანამდე გარდაცვლილის ხსოვნას პატივი რიგით მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სპორტსმენებმა მიაგეს. საკალათბურთო სპეციალისტი და კომენტატორი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1963 წლიდან საქართველოს პირველი არხის სპორტული კომენტატორი იყო. 1980-92 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში; იყო სპორტ-საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელიც. 1994 წლიდან კი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი გახდა. სხვადასხვა წლებში დასახელდა „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად და სპორტულ კომენტატორად. ჯამლეტ ხუხაშვილს საპატიო თბილისელის წოდება აქვს მინიჭებული.