საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
საქართველო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება – ITB China 26-28 მაისს გაიმართება. გამოფენა მაღალი რანგის სტუმრების მიერ საქართველოს სტენდის დათვალიერებით დაიწყება. მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო. ოფიციალურ გახსნამდე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილე ქართულ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ქვეყნის ეროვნულ სტენდს შანხაიში 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა. მოეწყობა სამუშაო სივრცე, სადაც მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან. ეროვნული სტენდის სტუმრებს, სამი დღის განმავლობაში, საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიას, ღვინოს.