საქართველო ITB Berlin-2023-ის მასპინძელი ქვეყანა

მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin-2023 დამთვალიერებლებისთვის ღიაა. ისტორიაში პირველად, ყველაზე პრესტიჟული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა.

„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – ასეთია მთავარი სლოგანი, რომლის ფარგლებშიც, საქართველო მასშტაბური ღონისძიების 200 ათასამდე სტუმარს საკუთარ უნიკალურ კულტურას, ტრადიციებს და ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. სამდღიანი ტურისტული გამოფენა სწორედ მასპინძელი ქვეყნის – საქართველოს სტენდით გაიხსნა. ბერლინის ყველა ცენტრალურ და ტურისტულ ადგილზე, საქართველოს სარეკლამო ბანერებია გამოფენილი, რომლებიც დამთვალიერებელს უსაზღვრო თავგადასავლებისთვის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ეპატიჟებიან.