საქართველო-„ინტერ რაოს“ დავა

სტოქჰოლმის სასამართლომ საქართველოს რუსული ენერგოკომპანიის სასარგებლოდ 80.5 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დაავალა.

არბიტრაჟმა გადაწყვეტილება კომპანია „ინტერ რაოს“ სარჩელზე გამოიტანა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებულია. „სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. „ინტერ რაო“ ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი. სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი. შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რუსული ენერგოკომპანია საქართველოსგან ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად მიღებული ზარალის ანაზღაურებას, ტარიფის მატებით ითხოვდა, რაზეც მარეგულირებელმა კომისიამ უარი განაცხადა. „ინტერ რაომ“ გადაწყვეტილება სტოკჰოლმში გაასაჩივრა.

დატოვე კომენტარი