საქართველო-გერმანიის ურთიერთობების პერსპექტივა
დიპლომატიური პროცედურა ათი თვის დაგვიანებით.
ორ დღეში გერმანიის პრეზიდენტს გერმანიაში საქართველოს ელჩი რწმუნებათა სიგელს გადასცემს, რაც ნიშნავს, რომ სამართლებრივად ალექსანდრე კარტოზია სწორედ 23 ივლისიდან შეუდგება დიპლომატიური უფლებამოსილების განხორციელებას. ეს არის აუცილებელი პროცედურა ელჩის უფლებამოსილების დასადასტურებლად. რატომ ათი თვის დაგვიანებით – მმართველი გუნდისთვის მიზეზი გაუგებარია. რწმუნებათა სიგელის გადაცემა დროში ემთხვევა გერმანიის უკვე ყოფილი ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას და საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისიის დასრულებას. ამ ოთხი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუარესდა, გერმანიამ ცალკეულ მაღალჩინოსნებზე სავიზო შეზღუდვებიც დააწესა, რაზეც „ქართული ოცნება“ მთელ პასუხისმგებლობას სწორედ ფიშერს აკისრებს. ის მწვავედ აკრიტიკებდა ხელისუფლებას, რის გამოც თვეების წინ საგარეო უწყებაში დაიბარეს კიდეც. ფიშერის დიპლომატიური მისიის დასრულებას დაემთხვა დროში გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებული არასწორი მონაცემების წაშლაც, რასაც ოფიციალური თბილისი თვეების განმავლობაში ითხოვდა. ბოლო მოვლენები ხელისუფლებას გერმანიასთან ურთიერთობის გადატვირთვის და ნორმალიზების მოლოდინს უძლიერებს.