საქართველო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში

დაიწყება თუ არა 15 დეკემბრიდან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში ახალი ეტაპი – მოლოდინი და განწყობა ოპტიმისტურია.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ და ამ საკითხის გარშემო ერთიანი პოზიციის შეთანხმების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. ბრიუსელში დღეს რამდენჯერმე ახსენეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და პროგრესი, რომელსაც, მათი აზრით, საქართველომ მიაღწია. აქცენტი კეთდება უსაფრთხოების გაუარესებულ გარემოზე და იმ გლობალურ გამოწვევებზე, რომელთა ფონზე ევროკავშირის გაფართოების პროცესი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. ბოლო თვეებში ევროპის ქალაქებში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე დადებით გადაწყვეტილებას ელოდება ხელისუფლება. მსგავსი მოლოდინი აქვს ოპოზიციასაც, თუმცა ცალკეული ოპოზიციური პარტიები უკრაინის საკითხზე უნგრეთის წინააღმდეგობას შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ.