საქართველო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში

საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია. ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, უკვე მიმდინარეობს. მთავარი განსახილველი თემა ევროკავშირის გაფართოებაა. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. ამ დრომდე წინააღმდეგია უნგრეთი ომში მყოფ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. არაოფიციალური ინფორმაციით, მის პოზიციას ნაწილობრივ იზიარებს კიდევ რამდენიმე ქვეყანა. აღსანიშნავია, რომ გუშინ ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. განსახილველ საკითხებს შორისაა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაც.