საქართველო ევროკავშირისგან სესხის აღებაზე უარს ამბობს

რატომ თქვა მთავრობამ უარი ევროკავშირის სესხის აღებაზე, საკითხი პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობით იყო მცდელობა, დაწესებულიყო გარკვეული ფინანსური სანქციები. ამ კონტექსტში ღარიბაშვილმა გაიხსენა 2014 და განაცხადა, რომ ოპოზიცია აქტიურად მუშაობდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესაფერხებლად.

დღესვე მთავრობის მეთაური გამოეხმაურა ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, სადაც  ევროპარლამენტარი ამბობდა, რომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა, შესაბამისად, მთავრობა ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა.

ღარიბაშვილის თქმით, ევროპარლამენტარი არ არის მისი უფროსი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას კვლავ აკრიტიკებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის გზა  რუსეთისკენ და ამ ქმედებებით ხელისუფლება უარს ამბობს შარლ მიშელის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

 

დატოვე კომენტარი