საქართველო - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა

ქვეყანა კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მიღების შემდეგ, სულ უფრო აქტიურდება რეკომენდაციების შესრულების საკითხი. ქვეყანამ ახლა იმ ევროპულ დავალებებზე უნდა იმუშაოს, რომელიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში გაიწერა. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების პლატფორმა ევროპულ საბჭოში. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პროცესის ინკლუზიურობა მნიშვნელოვანია, თუმცა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ოპონენტების ჩართულობას ნაკლებად ელოდებიან. მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფების კარი ღიაა და პროცესში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა, იქვე აცხადებენ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილების მიუხედავად, ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლება აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.