საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა

საქართველოში არსებული მწვავე პოლიტიკური ვითარება ევროკავშირის დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება.

მნიშვნელოვანია ის მოწოდებები და აქცენტები, რომლებიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში იკითხება. სიტუაციის დეესკალაცია, კომპრომისების სასწრაფოდ მოძებნა, ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად ამბიციური საარჩევნო რეფორმის გატარება – ასეთია ძირითადი გზავნილები. თუმცა, ევროკავშირის მოწოდებები თბილისში სხვადასხვანაირად აღიქმება. „ქართული ოცნების“ შეფასებით, ბრიუსელში ბოლო დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა ვადამდელი არჩევნების საკითხს წერტილი დაუსვა. ასე არ ფიქრობენ ოპონენტები. თუ მანამდე ოპოზიცია ახალი არჩევნების მოთხოვნის გამყარებას არჩევნების გაყალბებაზე საუბრით ცდილობდა, ცალკეული პარტიები ახლა ახალ არჩევნებს პრემიერის შეცვლის და არჩევნების შემდეგ მკვეთრად შეცვლილი პოლიტიკური სიტუაციის არგუმენტით ითხოვენ.