მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ხუთ წელიწადში წაკითხული ისტორიული დეკლარაცია და რობერ შუმანის ისტორიული სიტყვა, რომელმაც ევროკავშირის დაფუძნებას ჩაუყარა საფუძველი – ევროპის დღეს ევროკავშირიდან მწვავე კრიტიკას და გამაფრთხილებელ გზავნილებს იღებს ოფიციალური თბილისი.
ბრიუსელი საქართველოში არსებულ ვითარებას ღრმა პოლიტიკურ კრიზისად აფასებს და ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის ელჩის ტონი და რიტორიკა საკმაოდ მკაცრი იყო. პაველ ჰერჩინსკიმ დღეს ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც, მისი აზრით, ქვეყანა ევროკავშირს დაახლოების ნაცვლად სულ უფრო შორდება. დღეს ისიც განმარტეს, თუ რატომ ვერ მიიღო ევროპის დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსაწვევი მთავრობამ და რატომ არ იყო მიწვეული ქართული დელეგაცია ვარშავაში ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე. კრიზისის დაძლევა, რეფორმების გაგრძელება – ევროპელი ლიდერები ოფიციალურ თბილისს დასავლეთის შესახებ რიტორიკის შეცვლასაც სთხოვენ, მათ შორის ე.წ. დიფ სთეითზე, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების საპასუხო განცხადებებში დღესაც აქცენტირებული იყო. მეორე ფრონტის არ გახსნის გამო ქვეყნის დასჯის და ხელისუფლების შეცვლის მცდელობა მმართველი გუნდის ლიდერთა მთავარ ნარატივად რჩება. ევროკავშირის ლიდერების მძიმე პროგნოზების მიუხედავად, ხელისუფლება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პირობას დებს.