საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

სამი დღე ევროკომისიის პირველადი ანგარიშის გამოქვეყნებამდე, – 8 ნოემბერს გაირკვევა, როგორ აფასებს ევროპული სტრუქტურა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. უშუალოდ წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას ევროგაერთიანების 27 წევრი ქვეყანა დეკემბერში მიიღებს. ბოლო პერიოდია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის პროგნოზი სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა და ოპტიმისტურია. განსხვავებულია არგუმენტაცია, – მმართველი გუნდი დადებით შეფასებას ევროპული დავალებების შესრულებისთვის ელოდება, მათი ოპონენტები კი გეოპოლიტიკურ ვითარებაზე აპელირებენ.