საქართველო „ევრო 2024“-ზე - პირველი მატჩი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან შესახვედრად ემზადება. ფეხბურთელების განცხადებით, ისინი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ მომდევნო თამაშზე წარმატებისთვის. თურქეთთან მატჩში კი საქართველო 3-1 დამარცხდა. შეხვედრა განსაკუთრებით დაძაბული მეორე ტაიმში გამოდგა. ორივე ნაკრებმა პირველი გოლები პირველ ნახევარში გაიტანეს.

დორტმუნდში ათასობით ქართველი ქომაგი იმყოფებოდა საგულშემატკივროდ. მიუხედავად წაგებული მატჩისა, საქართველოს ნაკრებმა ქომაგებისა და საერთაშორისო მედიის დიდი სიმპატია დაიმსახურა და აღნიშნული შეხვედრა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე სანახაობრივ მატჩად შეფასდა.

პირველი გოლი მეტოქემ 25-ე წუთზე გაიხსნა. ორიოდე წუთში თურქებმა მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა ვიდეოგამეორების შემდეგ, არგენტინელმა მსაჯმა გოლი გააუქმა. 32-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული გოლი გაიტანა. ქოჩორაშვილის ჩაწოდების შემდეგ, მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიში 1:1. გახდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი განსაკუთრებულად სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრის მიწურულს კი, როდესაც საქართველოს ნაკრები ბოლო კუთხურს ასრულებდა, ჩვენი ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მეტოქის საჯარიმოში გუნდის დასახმარებლად იმყოფებოდა, რის შემდეგაც თურქებმა მესამე გოლი კონტრშეტევით, ცარიელ კარში გაიტანეს და საბოლოო ანგარიში – 3:1 დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან თამაშობს.