საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა გახდა  

საქართველოს ახალი საერთაშორისო სტატუსი. ქვეყანა ერთი წლით ენერგეტიკულ გაერთიანებას უხელმძღვანელებს. გაწევრიანებიდან რვა წლის შემდეგ საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე იქნება. ენერგოეფექტურობა, ენერგოდამოუკიდებლობა და ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან დაახლოება ის პრიორიტეტული თემები იქნება, რომლებზეც ქართული მხარე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს. აქცენტი კეთდება იმ ენერგეტიკულ პროექტებზეც, რომლებშიც საქართველოცაა ჩართული. ენერგეტიკული გაერთიანება 20 წლის წინ დაფუძნდა – მიზანი ენერგეტიკული უსაფრთხოების და მდგრადობის სფეროში ევროკავშირის და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობაა. როგორ ასრულებს საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებულ ვალდებულებებს – ვენაში გამართულ მიღებაზე რვა წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მიერ ჩატარებული სამუშაოები გაერთიანების დირექტორმა შეაჯამა.