საქართველო და საერთაშორისო ენერგოპროექტები

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისთანავე რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება ევროპის მთავარი ამოცანაა.

მოსკოვის მხრიდან ენერგორესურსების შანტაჟის იარაღად გამოყენების და ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შემცირების ფონზე ევროკავშირი ბუნებრივი აირის მიღების ალტერნატიულ გზებს ეძებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გუშინ საქართველოში გაკეთებული განცხადებები ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მკვეთრი ზრდის პერსპექტივას აჩენს. საუბარია ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიულ ენერგოდერეფანზე, რომელიც საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან ევროპის ქვეყნებისკენ გაზის გაორმაგებული მოცულობით ტრანსპორტირებას გულისხმობს. გეგმაშია აზერბაიჯანიდან ევროპისთვის დენის ექსპორტის მოცულობის ზრდაც. მასშტაბური რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც საფუძველი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ჩაეყარა, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე სრულიად ახალ მასშტაბებს იძენს.