საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობა

საქართველო ჩინეთთან ურთიერთობას კიდევ უფრო აღრმავებს.

სამი წლის წინ გაფორმებული შეთანხმება ფართოვდება – სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ფაზაში გადადის, რაც ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას გულისხმობს. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წლისთავზე შესაბამისი შეთანხმება უკვე ხელმოწერილია. რას ნიშნავს თანამშრომლობის ახალი ეტაპი მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, რომელთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი უკვე აკავშირებს – ბოლო წლებში გააქტიურებული პოლიტიკური კავშირების, მზარდი სავაჭრო ბრუნვის, ექსპორტ-იმპორტის გაუმჯობესებული მაჩვენებლების და ჩინეთიდან ახალი ინვესტიციების შემოდინების ფონზე ანონსდება ახალი ინიციატივები და პროექტები და ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება. აქცენტი კეთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ შუა დერეფნის მარშრუტზე, რომლის მიმართ გლობალური დაძაბულობის და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო განსაკუთრებული საერთაშორისო ინტერესია. ოპონენტების კრიტიკის ფონზე ოფიციალური თბილისი ჩინეთთან ურთიერთობის გაძლიერებით დაინტერესებულია – ეს გზავნილი იკითხება ჩინელი კოლეგისადმი საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ წერილშიც.