საქართველო - ჩეხეთი პირველ არხზე

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას დღეს ჩეხეთთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე ეს რიგით მეექვსე ამხანაგური შეხვედრა იქნება. ჩეხეთთან წინა დაპირისპირებისგან განსხვავებით, ჯიკიჩის განკარგულებაში იქნება „ტორონტო რაპტორსის“ კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი, გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია კი კვლავ აგრძელებს რეაბილიტაციის კურსს და ნაკრებს ევრობასკეტის დაწყებამდე ქალაქ ლიმასოლში შეუერთდება. ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე, საქართველოს ნაკრები გამოსვლას 28 აგვისტოს, ესპანეთთან შეხვედრით დაიწყებს. C ჯგუფში საქართველოსა და  ესპანეთის გარდა, მასპინძელი კვიპროსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საბერძნეთი და იტალია ითამაშებენ. საქართველო-ჩეხეთის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.