საქართველო–აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენცია თბილისში
თბილისში საქართველო–აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ გახსნა და ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. კონფერენციის ფარგლებში განხილვის მთავარი თემები იყო ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, კვლევა და ინოვაციები, აკადემიური მობილობა, უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და მომავლის მოთხოვნებზე ორიენტირებული უნარების განვითარება.
კონფერენციის დასასრულს, საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აზერბაიჯანის 8 და საქართველოს 16 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორებმა მოაწერეს.