საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნესფორუმი

წინანდალში საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. სამმხრივი ფორუმი 2012 წლიდან წელს უკვე მეშვიდედ ტარდება და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა, სამი ქვეყნის ბიზნესსექტორებს შორის. პლატფორმის საშუალებით, ბიზნესსექტორს საშუალება აქვს ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ფორუმში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დინამიკის, სხვადასხვა სექტორული ბაზრის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმების და რეგიონული მასშტაბის პროექტების და არსებული ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. ფორუმის მიმდინარეობისას განიხილება სამი ქვეყნის კერძო სექტორების თანამშრომლობა, მათ შორის მსხვილ პროექტებში. გაიმართება პანელური სესია ბიზნესწარმომადგენლების მონაწილეობით, ასევე B2B შეხვედრები. ფორუმში მონაწილეობას იღებენ თურქეთისა და აზერბაიჯანის მაღალი დონის დელეგაციები. თურქეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი, ომერ ბოლატი, ხოლო აზერბაიჯანის დელეგაციას – რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი, მიქაილ ჯაბაროვი. ფორუმში სამივე ქვეყნის 400-მდე დელეგატი, მათ შორის 300-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.