საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტიდან მიიღებს

თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა: საქართველოში ერთი თვით გადავადებული ვაქცინაციის დაწყების დრომ ამჯერად გადმოიწია. 22 მარტის ნაცვლად სამედიცინო პერსონალი 15 მარტის კვირიდან აიცრება.

კოვაქს პლატფორმიდან“ „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია ამსტერდამიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13 მარტს ჩამოვა. საუბარია 43 200 დოზაზე, რომელიც 22 მარტიდან მისაღებ „ფაიზერის“ 29 000 დოზასთან ერთად მხოლოდ სამედიცინო მუშაკებს მოხმარდებათ. პარალელურად ქართული მხარე ვაქცინების მწარმოებლებთან და კონკრეტულ ქვეყნებთან „კოვაქსის“ გვერდის ავლით მოლაპარაკებებს განაგრძობს. აქტიურდება „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის, „ნოვავაქსის“ და ჩინური „სინოფარმის“ მიღების საკითხი. წინასწარი გეგმის მიხედვით, არა რისკ-ჯგუფების აცრა მესამე კვარტალშია მოსალოდნელი.