საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის ფონზე, მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები ისმის. „ქართული ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის ფონზე ოპოზიცია მიზანმიმართულად აზიანებს კომუნიკაციას. აქცენტი კეთდება გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიებზე, რომელთა თანახმად, „საქართველო, რომელიც ოდესღაც აშშ-ის ძლიერი მოკავშირე იყო, ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა“. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ვერ მოხდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები თბილისს დღეს დატოვებენ, ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციურ პარტიებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ.