საქართველო 2019 წელს

2019 წელი აქტიური და დაძაბული იყო შიდა პოლიტიკისთვის.

თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ეპიცენტრში ამჯერადაც პარლამენტი აღმოჩნდა, რომელმაც ხმაურიანი და დაძაბული განხილვების ფონზე არაერთი რეზონანსული გადაწყვეტილება მიიღო. მოხდა პოლიტიკური გადაჯგუფება და შეიცვალა ძალთა ბალანსიც. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდნენ ახალი ლიდერებიც. სწორედ საკანონმდებლო ორგანოში 20 ივნისს გახსნილ, თუმცა ნაადრევად შეწყვეტილ სესიას მოჰყვა პროტესტი, რომელიც „ივნისის მოვლენების“ სახელითაა ცნობილი და რომელმაც შემდგომში არაერთი სხვა პოლიტიკური აქტივობა თუ ნაბიჯი განსაზღვრა. 2019 წელს დიდი ვნებათაღელვის შემდეგ პარლამენტმა აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე. თუმცა, წლის მიწურულს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად შიდა პოლიტიკურმა უთანხმოებამ კულმინაციას მიაღწია და პროცესებმა საკანონმდებლო ორგანოდან ქუჩაში გადაინაცვლა.

მთავარი სადავო საკითხი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო სისტემაა, რომლის გარშემო მმართველი გუნდი და ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება.