საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. პროკურორის განმარტებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საფუძველი მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების შემცირება გახდა. როგორც პროკურორი აცხადებს, ლევან ახობაძემ ასევე, საქმეში არსებული გარემოებები დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით, თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით წარედგინა.