საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
გასული წლის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებული რუსი აქტივისტი დენის კულანინი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, ქვეყნიდან გაძევებამდე სადეპორტაციო პატიმრობაში იქნება. საქალაქო სასამართლომ ამის შესახებ მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა დღეს დააკმაყოფილა. უფლებადამცველებმა სასამართლოს დენის კულანინის რუსეთის ნაცვლად, მესამე ქვეყანაში გაძევების შუამდგომლობით მიმართეს, მისთვის არსებული საფრთხის გამო, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე აცხადებს, რომ დენის კულანინმა შიმშილობაც შეწყვიტა.