საქალაქო სასამართლომ ე.წ. პიჯაკების საქმე განიხილა

საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა გაიმართა.

პროცესზე ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევა გაგრძელდა. საუბარია სააკაშვილის მიერ 2013 წელს, სხვადასხვა ვიზიტის დროს დახარჯულ თანხებზე, მათ შორის  სხვადასხვა პირებისთვის გადაცემულ საჩუქრებზე, ვიზიტების დროს გაწეულ ხარჯებსა და კოსმეტიკურ პროცედურებში დახარჯულ თანხებზე.

დღესვე დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. ბექა ბასილაიას განცხადებით, დაცვის მხარემ 2013 წელს მიუნხენში, სააკაშვილის ვიზიტის დროს, იმ სასტუმროს ინვოისი მოიპოვა, რომლის მიხედვითაც დგინდებოდა, რომ სააკაშვილის ვიზიტის დროს ხარჯები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურმაც გაიღო, ამ დროს კი, უწყებას უკვე ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება.

საქმის შემდგომი განხილვა 26 დეკემბერს, 11 საათზეა ჩანიშნული.