საპროტესტო აქციები თურქეთში  

თურქეთში უკვე მეექვსე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. სტამბოლში, ანკარასა და თურქეთის სხვა ქალაქების ქუჩებში სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, ხოლო აქციის მონაწილეებმა მათი მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს.  თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ღამით კიდევ 43 ადამიანი დააკავეს. საერთო ჯამში, დაკავებულია 1 176 ადამიანი.
ამასთან, თურქეთის პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების დროს სტამბოლსა და იზმირში, სულ მცირე, ათი ჟურნალისტი დააკავეს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციურ „სახალხო-რესპუბლიკურ პარტიას“ ეკისრება. შეგახსენებთ, ეკრემ იმამოღლუს სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა. მას კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.