საპროტესტო აქციები სერბეთში

სერბეთში ათასობით სტუდენტმა საპროტესტო მარში მოაწყო. ქალაქ კრაგუევაცში ბევრი მოქალაქე ბელგრადიდან ჩავიდა. ზოგიერთი აქტივისტი რამდენიმე დღის განმავლობაში ფეხით მიდიოდა დედაქალაქიდან, ასევე ნოვი სადიდან და ნიშიდან. მომიტინგეებმა გადაკეტეს ქალაქის მთავარი გამზირი და 15-წუთიანი დუმილით მიაგეს პატივი ნოვი სადის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 15 ადამიანის ხსოვნას. პარალელურად, ხელისუფლების მხარდამჭერთა მრავალათასიანი აქცია გაიმართა ქალაქ სრემსკა მიტროვიცაში. „ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, აქციაზე ხალხი მთელი ქვეყნიდან ავტობუსებით ჩაჰყავდათ. ცნობისთვის, საპროტესტო აქციები სერბეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ქალაქ ნოვი სადის ცენტრალური სარკინიგზო სადგურის შენობაზე ბეტონის სახურავი ჩამოინგრა. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დასაჯონ პასუხისმგებელი პირები. აღსანიშნავია ისიც, რომ 28 იანვარს სერბეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა.