საპროტესტო აქციები საფრანგეთში

12:24, 08.10.2026

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებს საპროტესტო აქციებზე მოსწავლეების წინააღმდეგ მოქმედება არ ჰქონდათ დავალებული და ხელისუფლებამ ახალგაზრდების მოთხოვნებს უნდა მოუსმინოს. სებასტიან ლეკორნუს თქმით, პოლიციამ მოქმედებისას პროპორციულობის პრინციპი უნდა დაიცვას, ხოლო თუ აქციის დროს ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა, გამოძიებამ ინციდენტის გარემოებები „სრული გამჭვირვალობით“ უნდა დაადგინოს. ლეკორნუმ მოსწავლეების მოთხოვნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, მათ წინადადებებს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება. უფლებადამცველები, პროფკავშირები, მოსწავლეები და ოპოზიციის ნაწილი, პოლიციას დემონსტრაციების დასაშლელად არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ქვეყნის მასშტაბით, აქციების ფონზე 500-ზე მეტი სკოლა დაიხურა. ამასთან, დღეს მოსწავლეები და მასწავლებლები ახალი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

მსგავსი