საპროტესტო აქციები საფრანგეთში
ასობით ათასი მომიტინგე, შეტაკებები პოლიციასთან და ათასამდე დაკავებული დემონსტრანტი – გუშინ გამართული კიდევ ერთი მასშტაბური აქციის შემდეგ, საფრანგეთი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში რჩება. სასწავლო პირობებით უკმაყოფილო სტუდენტების მიერ სექტემბერში დაწყებული პროტესტი მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. მომიტინგეების მთავარ უკმაყოფილებას ცხოვრების ხარჯების არამართლზომიერი ზრდა წარმოადგენს.
პოლიციამ პარიზსა და რამდენიმე სხვა ქალაქში აქციის დასაშლელად კვლავ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მარსელში აქციის მონაწილეებმა ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს, ბორდოში კი ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინიდან დამცავი ფიცრები ჩამოგლიჯეს. რაც შეეხება ლიონს, აქ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა იმ დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი პრეფექტურის მიერ აქციებისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილი. წესრიგის უზრუნველსაყოფად ქუჩებში 70 ათასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე აქციების უმეტესობა მშვიდობიანი იყო, თუმცა მაღალი რისკის შემცველი რამდენიმე ჯგუფიც ჩამოყალიბდა. როგორც ლორან ნუნიესმა აღნიშნა, გუშინდელნი აქციებისას ისეთ დაწესებულებებზე მიზანმიმართული თავდასხმები, როგორიცაა მერიის შენობები და პოლიციის განყოფილებები, არ ყოფილა. თუმცა მისი თქმით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.