საპროტესტო აქციები რეგიონებში

ფოთის მე-5 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები გაიფიცნენ. ისინი პროტესტის ნიშნად საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრებიან. გაფიცულები მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ტრანსპარანტებით მივიდნენ და აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ მხოლოდ ევროპული მომავალი უნდათ და გმობენ ყოველგვარ ძალადობას. გაფიცულმა მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და განაცხადეს, რომ აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ხაშურში. „არა რუსულ ოცნებას, არა ძალადობას“ – ამ შეძახილებით აქციის მონაწილეები ხაშურის ქუჩებში დადიან. საპროტესტო მსვლელობას შეუერთდნენ #9 საჯარო სკოლის მოსწავლეები. შეკრებილები ევროინტეგრაციის საკითხზე ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. საპროტესტო აქციები რეგიონებში საპროტესტო აქცია იყო ბათუმში ევროპის მოედანზე. „არა რუსეთს, არა ძალადობას, საქართველო არის ევროპა“ – სკანდირებენ სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები. აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. მოსახლეობის ნაწილი იყო შეკრებილი ფოთშიც, დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს და ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. ისინი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე არ დააყენებს.

საპროტესტო აქციები გრძელდება რუსთავში. გუშინ ღამე აქციის მონაწილეები ქალაქის შესასვლელში შეიკრიბნენ და ქალაქში დროშებითა და შეძახილებით მსვლელობა მოაწყვეს. აქცია მერიასთან დასრულდა.

აქცია გაიმართა ქუთაისშიც მომიტინგეები იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთანაც მივიდნენ და დროებითი დაკავების იზოლატორიდან დედაქალაქში აქციაზე დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება მოითხოვეს.