საპროტესტო აქციები ირანში

თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში, საწვავის ფასის ზრდის გამო, ქუჩაში გასულ დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.

ირანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სირჯანში, არეულობის დროს, აქციის ერთი მონაწილე გარდაიცვალა. არიან დაშავებულები. საპროტესტო გამოსვლები ირანის ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის მთავრობამ ბენზინის ფასის ზრდისა და მისი გაყიდვის ნორმირების გადაწყვეტილება მიიღო.

დემონსტრაციების ფონზე, ირანის პრეზიდენტმა, მეჯლისის თავმჯდომარემ  და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, საგანგებო შეხვედრა გამართეს. თავის მხრივ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ირანში არეულობა საზღვარგარეთიდან იმართება.