4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის გეგმის ჩავარდნამ ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება გააღრმავა.
სწორედ პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ასახელებს გიორგი გახარიას გუნდი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მთავარ ფაქტორად. თუმცა თავის დროზე სიების არ ჩახსნის და საპარლამენტო ბოიკოტის შეცდომად აღიარების შემდეგ ეს ნაბიჯი ისედაც მოსალოდნელი იყო. ყოფილი პრემიერის პარტიაში დღეს ამბობენ, რომ ბოიკოტი ბევრად ადრე, ადრეულ გაზაფხულზევე უნდა დასრულებულიყო. შეცვლილი პოზიცია და ამ პოზიციის ასახსნელად დასახელებული არგუმენტები მიუღებელია „ლელოსთვის“, რომელიც მუნიციპალურ არჩევნებზე გახარიას გუნდთან თანამშრომლობდა. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია, რომელმაც საპარლამენტო სიები თვეების წინ ჩახსნა და ამით საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ყველა თეორიული შესაძლებლობა გამორიცხა, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს იღებს და საკრებულოებში 57 მანდატის გამოსაყენებლად ემზადება. ბოლო ტაქტიკური სვლების და ნაბიჯების გამო ორივე პოლიტიკურ ძალას 4 ოქტომბრის არჩევნების ბოიკოტის მომხრე პარტიებთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბა. პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის გარშემო ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობდნენ და ახალი არჩევნების მიღწევის გეგმას ერთად ადგენდნენ, დღეს ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს უყენებენ.