საპროტესტო აქციები და ძალადობა ევროპის ქალაქებში 

21:11, 19.10.2026

ძალადობის მასშტაბი იზრდება – საფრანგეთში პროცესები უმართავი ხდება.

ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ქუჩაში, ასეულობით დაკავებული და დაშავებული, დამწვარი შენობები, ცნობილი ბრენდების დარბეული და გაძარცული მაღაზიები, ასობით მილიონი ევროს ზარალი, განადგურებული ინფრასტრუქტურა, ცეცხლწაკიდებული მანქანები და ვანდალური ქმედებები ქუჩებში – ასეთია სურათი შაბათ-კვირას გამართული ძალადობრივი დემონსტრაციების შემდეგ. ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე ქალაქში, ცალკეულ ადგილებზე კომენდანტის საათი ამოქმედდეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება გადადგომის შესახებ არ დაკმაყოფილდა – სამართალდამცავი უწყებები აღიარებენ, რომ გარკვეულ ტერიტორიებზე პოლიციამ კონტროლი დაკარგა. ერთი თვის წინ დაწყებულმა დემონსტრაციებმა ყველაზე მძიმე ფორმები 17 და 18 ოქტომბერს მიიღო. პარიზსა და რამდენიმე ქალაქში ცალკეული ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები დაუპირისპირეს, თუმცა ძალადობაში გადაზრდილი პროტესტის შეკავება ვერ მოხერხდა და არეულობა შეტაკებებში გადაიზარდა. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ხელისუფლება მწვავე პოლიტიკურ-სოციალური კრიზისის დაძლევის გზებს ეძებს, პასუხისმგებლობას კი ულტრამემარცხენე რადიკალურ ჯგუფებს აკისრებს. მხოლოდ გუშინ, პარიზსა და რამდენიმე ქალაქში 350-ზე მეტი ადამიანი აიყვანეს, რომელთა უმრავლესობას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება. პროტესტი გაფართოვდა, სასკოლო რეფორმის მოთხოვნით დაწყებული აქციები სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა – ამავე მოთხოვნებით მასშტაბურმა გამოსვლებმა მოიცვა ბელგია, იტალია და ალბანეთიც.

მსგავსი