საპროტესტო აქციები და არეულობა საფრანგეთის ქალაქებში
მოსწავლეების აქციების დაწყების შემდეგ საფრანგეთში დღეს ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები ეწყობა.
ქვეყნის 30-ზე მეტ ქალაქში საერთო ჯამში ნახევარ მილიონამდე მოქალაქე ქუჩაშია გამოსული. გამოსვლებს უერთდება მასწავლებელთა პროფკავშირიც. ათეულობით დემონსტრანტის, მათ შორის არასრულწლოვნების, დაკავების მიუხედავად, საპროტესტო ტალღა სულ უფრო მასშტაბური ხდება. პარიზი, მარსელი, ლილი, ნანტი, სტრასბურგი, ნიცა, ლიონი – კლასებში გადატვირთულობას, პედაგოგების სიმცირეს და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს სკოლის მოსწავლეებთან ერთად უკვე სტუდენტებიც აპროტესტებენ. დამწვარი და განადგურებული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სატრანსპორტო მოძრაობა, დაზიანებული შენობები, ასეულობით დაშავებული დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის – ასეთია სურათი სხვადასხვა ქალაქში. აქციებს თან ერთვის შეტაკებები პოლიციასთან და სამართალდამცავების მხრიდან ვანდალიზმად შეფასებული ქმედებები. ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. კრიზისული ვითარების განმუხტვას მთავრობა რეფორმის გატარების დაპირებით ცდილობს.