საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები

მძიმე აღმოჩნდა პირველი დეკემბრის ღამეც. გუშინ საღამოს რუსთაველის გამზირზე დაწყებული პროტესტი თითქმის 13 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. საპროტესტო გამოსვლა სამართალდამცავებმა გამთენიისას დაშალეს. სწორედ ამ დროიდან დაიწყო დემონსტრანტების დაკავებები. მანამდე ვითარება პერმანენტულად მწვავდებოდა. აქციის მონაწილეები ისროდნენ პიროტექნიკას, ასევე სხვადასხვა ნივთს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა კი წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. დაკავებულთა ნაწილი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. სახალხო დამცველი და ადვოკატები ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა მათზე იძალადეს, დაზიანებები ვიზუალურადაც აღენიშნებათ. მათ შორის არის მედიის წარმომადგენელიც. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების დროს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით სულ ხუთი ადამიანია აყვანილი, მათ შორის ორი პოლიციელზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებებით გუშინდელ აქციაზე დააკავეს. ომბუდსმენი ბოლო დღეებში გამართულ აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან გამოვლენილ არაპროპორციულ ძალასა და უფლებამოსილების გადამეტაბაზე და დაუსჯელობის სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს. სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ყველა ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, რომლის მიმართ დღეს ომბუდსმენის ტონი მწვავე იყო.