ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეს განიხილავენ. მათ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულების ადვოკატებმა სხდომაზე პროცესიის გადადების შუამდგომლობა დააყენეს. მათი თქმით, პროცესზე დაკავებული პირებიდან სამს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სხდომაზე გამოცხადება არ შეუძლიათ. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, თუმცა ადვოკატებს დაკავებულებთან დასაკავშირებლად ტექნიკური შესვენების გამოყენების შესაძლებლობა მისცა. შუამდგომლობა წარმოდგენილი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარესაც, ისინი ორი სამართალდამცველის მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდნენ, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. რაც შეეხება წარმოდგენილ მტკიცებულებებს, როგორც ადვოკატები განმარტავენ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ზოგადი ხასიათისაა და აქციის ზოგად მიმდინარეობას ასახავს. ამ წუთებში ზვიად ცეკვავა სათათბიროდ არის გასული.