საპროტესტო აქცია ზუგდიდში

ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს უერთდება თბილისისა და რეგიონების სკოლების ნაწილი. მეორე დღეა გაფიცულები არიან და პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესს არ ესწრებიან ზუგდიდში რამდენიმე საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები. დღეს ისინი ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრის წინ შეიკრიბნენ და აქცია-მსვლელობა გამართეს ქალაქის ქუჩებში. აქციის მონაწილეები მივიდნენ პირველ საჯარო სკოლასთან

, სადაც მოსწავლეები ეზოში მათ ტრანსპარანტებითა და შეძახილებით დახვდნენ. პირველი სკოლის მოსწავლეების განცხადებით, აქციას ვერ შეუერთდნენ, რადგან დირექციამ ჭიშკარი ჩაკეტა. გაფიცული მოსწავლეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე არ დააყენებს. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს , მათ შორის დაკავებულებს და დაშავებულებს. მოსწავლეები

საღამოს 17 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. დილიდან გაიფიცა ასევე წალენჯიხის ფახულანის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილი. მათ ენგურის ხიდამდე მსვლელობა მოაწყვეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით.