საპროტესტო აქცია თეატრალურ უნივერსიტეტთან
პროტესტის ნიშნად ხელოვანების ნაწილმა გასული ღამე საკანონმდებლო ორგანოს წინ გაათენა. მათ ამ ფორმით თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს, მოითხოვეს ანდრო ჭიჭინაძის და მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სხვა პირების გათავისუფლება. მანამდე თეატრალური უნივერსიტეტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ. ადგილზე მისვლამდე სტუდენტების მხარდასაჭერად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ერთობლივი მსვლელობა გაიმართა. მარშის ორგანიზატორებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს. მოგვიანებით მათ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. შეგახსენებთ, რომ 10-მდე სტუდენტს ეთიკის კომისიამ გუშინ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ელექტრონული ფოსტით აცნობა. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ კომისიამ ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი განიხილა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა. საუბარია საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ იმ სტუდენტებზე, რომელთა პროტესტი თეატრალური უნივერსიტეტის ფოიეში 80 დღეზე მეტხანს გრძელდებოდა. 9 მარტს, პოლიციის გამოძახების შემდეგ სტუდენტებს შენობა დაატოვებინეს და თითოეული მათგანი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს. აგრეთვე, გუშინვე გავრცელდა უნივერსიტეტის განცხადება – რის მიხედვითაც სტუდენტებს შეუძლიათ, რომ ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ და სამი სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით მიმართონ რექტორს, რომელსაც თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ერთთვიანი ვადა აქვს.