პროტესტის მეექვსე საღამოც პარლამენტის შენობის წინ დაიწყეს, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ვითარება მალევე დაიძაბა, სპეცდანიშნულების რაზმი წყლის ჭავლით ცდილობდა ტერიტორიის გასუფთავებას, პარლამენტის შენობის მიმართულებით კი, სადაც სპეცრაზმი იყო განლაგებული, აქციის მონაწილეები პიროტექნიკასა და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. აქციის მონაწილეები ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებიდან ქაშუეთის ტაძრის მიმართულებით ინაცვლებდნენ. ამის შემდგომ იყო გამაფრთხილებელი სიგნალის ხმა ჭიჭინაძისა და ცხრა აპრილის ქუჩიდან და თავისუფლების მოედნიდან სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით დაიძრა.
აქციის მონაწილეებმა დატოვეს პარლამენტის წინა ტერიტორია და გადაინაცვლეს ქაშუეთის ეკლესიის მიმართულებით. იქვე განლაგდა სპეცდანიშნულების რაზმი, მოპირდაპირე მხარიდან კი პროტესტის მონაწილეები მათი მიმართულებით ისროდნენ პიროტექნიკას. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ სხვადასხვა სპეციალური საშუალება გამოიყენეს, მათ შორის მხუთავი აირი. არიან დაკავებულები და დაშავებულები, თუმცა, მათი ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.