„თბილისი მოლთან“ აქცია 16 საათზე დაიწყო. სავაჭრო ცენტრთან შეკრებილებს „თავისუფალი უნივერსიტეტიდან“ მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები. აღმაშენებლის ხეივანზე დიდი ოდენობით მობილიზებული იყო საპოლიციო ძალა. ადგილზე იმყოფებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც. თავდაპირველი გეგმით თბილისის გასასვლელის გადაკეტვა იგეგმებოდა, რაც მთავრობის ახალი დადგენილებით, სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან აღმაშენებლის ხეივანი უკვე საერთაშორისო მნიშვნელობის გზების სიაშია. შესაბამისი განცხადება დღეს შსს-მ გაავრცელა. ამის შემდეგ მომიტინგეებმა საქალაქო სასამართლოსთან მისვლა მსვლელობით გადაწყვიტეს და პოლიციასთან გზის გარკვეული ნაწილის დაკავებაზე შეთანხმდნენ, თუმცა მარშის დაწყებიდან მალევე ადგილზე ვითარება დაიძაბა, რასაც პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების დაკავება მოჰყვა.