საპროტესტო აქცია თბილისში

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორების ნაწილმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს, რის გამოც მათი დიპლომები საერთაშორისო აღიარების დაკარგვის საფრთხის ქვეშაა.

შეკრებილების თქმით, ცენტრის გადაწყვეტილებებში იგრძნობოდა პოლიტიკური გავლენები და მათ რაიმე ოფიციალური ცნობა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ მიუღიათ, გარდა განცხადების გავრცელებისა. აქციის მონაწილეებმა ცენტრის თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა ჯერ აივნიდან გადმოკიდეს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, შემდგომ კი აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.