დაშავებულები და დაკავებულები. აქციების მეექვსე ღამე და უწყვეტი პროტესტი. კლინიკებში ღამით რუსთაველის გამზირიდან 15 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების სამი თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი წარმომადგენელი.
რუსთაველის გამზირზე მუშაობისას დაშავდა პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი, მას პირველი ხარისხის დამწვრობა და დაბეჟილობა აქვს. დაქვეითებული აქვს ხელის მტევნის მგრძნობებლობა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა. ბესო გაფრინდაშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია დახმარება და მოგვიანებით კლინიკაში გადაიყვანა.
ღამითვე დაშავდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი, თედო ქვაჩახია. მას თავის არეში აქვს მიღებული დაზიანებები. ისიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე ოპერატორი მხუთავი აირის გამო დაშავდა.
გუშინ ღამით საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20-ზე მეტი ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.