საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე

გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ოპოზიციის გეგმები არ შეუცვლია.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას მართავს. მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. საჭიროების შემთხვევაში გზების და მაგისტრალების გადაკეტვა, შენობების პიკეტირება, არ დაშლა, ქუჩაში დარჩენა, წინააღმდეგობრივი აქცია და კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლა, – ასეთია სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. აქციაზე, რომელიც ჯერ კიდევ შაბათს ნიკა მელიამ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში არ გადაყვანის შემთხვევაში დააანონსა, „ლელოს“ ლიდერები, ასევე „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებიც იმყოფებიან. საპროტესტო გამოსვლას შეუერთდა წალენჯიხიდან ჩამოსული კოლონა, რომელსაც მერი მოუძღოდა წინ. ხელისუფლება ოპონენტებს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში დარჩენისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ნებისმიერი პროვოკაცია ან დესტრუქციული ქმედება მყისიერად იქნება აღკვეთილი. ჯერ კიდევ დილით მსგავსი შინაარსის გამაფრთხილებელი გზავნილი გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.