საპროტესტო აქცია სოფელ კანთში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში ადგილობრივმა მოსახლეობამ სკოლის აშენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების თქმით, უკვე შვიდი წელია, რაც სოფლის სკოლა დაიწვა და მას შემდეგ აშენებას ჰპირდებიან. ამასთან, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ არც ამბულატორია აქვთ და სოფელი მცხოვრებლებისგან იცლება.

აქციის მონაწილეებმა წალენჯიხა-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი საავტომობილო გზაც გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს შეხვდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი. ბესიკ ფარცვანიას განცხადებით,  მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და 2019 წელს სოფელს სკოლა ექნება.

ადგილობრივები აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავენ.